English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ბადრი რამიშვილი
მილიტარული მეგატრენდის ეკონომიკური ანალიზი და მისი გავლენა მსოფლიო გეოსტრატეგიული ლანდშაფტის ფორმირებაზე

XX საუკუნეში დედამიწამ ორი მსოფლიო ომი გადაიტანა, რაც უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის მობილიზების ფონზე მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ამ პერიოდში გლობალური სამხედრო ბლოკების დაპირისპირების ტენდეციასაც დაედო საფუძველი. ცივი ომის დასრულებისა და სამხედრო თვალსაზრისით მცირეხნიანი მოდუნების შემდეგ, XXI საუკუნის დასწყისიდან, კვლავ განახლდა გლობალური დაპირისპირების ესკალაცია და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ დაპირისპირების ერთ-ერთი ეპიცენტრი საქართველოა. ჩვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრისას მუდმივად უნდა გვახსოვდეს ეს და, აქედან გამომდინარე, გავითავლისწინოთ ისიც, რომ მილიტარული მეგატრენდი გადამწყვეტ როლს ასრულებს გლობალური გეოსტრატეგიული ლანდშაფტის ფორმირებაში.

საკვანძო სიტყვები: მილიტარული მეგატრენდი, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია,  ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაცია, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია,  სამხედრო ხარჯები,  სამხედრო ხარჯების წილი მშპ-ში.

უხსოვარი დროიდან კაცობრიობა საკუთარი შესაძლებლობების დიდ და საუკეთესო ნაწილს სამხედრო მიზნებს უთმობდა. სადღეისოდ, თვით მშვიდობიანობის პირობებშიც კი, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მნიშვნელოვან რესურსებს წარმართავს თავდაცვისთვის. ეკონომიკური განვითარება პირდაპირ განაპირობებს სამხედრო ძლიერებას, ასევე პირიქით, სამხედრო ძლიერება და უსაფრთხოება საფუძველია ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ქვემოთ სწორედ სამხედრო ხარჯების შესახებ გვექნება მსჯელობა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინდიკატორის მეშვეობით შევეცდებით მილიტარული ტრენდის ეკონომიკური საფუძვლების იდენტიფიცირებას.

ციკლის პირველ სტატიაში [1] მსჯელობა გვქონდა ეკონომიკური ტრენდის შესახებ, სადაც გლობალურ ძალთა შორის ეკონომიკური კონკურენციის ძირითადი პარამეტრები განვიხილეთ. მოვახდინეთ ოთხი გლობალური ძალის იდენტიფიცირება, თუმცა, დაწვრილებით ვიმსჯელეთ სამი -  დასავლური, ჩინური და რუსული გლობალური ძალების შესახებ. ასეთი მიდგომა, გარდა პირველ სტატიაში მოყვანილი არგუმენტებისა, გამოწვეული იყო ეკონომიკური კონკურენციის საყოველთაობით. თუმცა, როდესაც ვმსჯელობთ მილიტარული ტრენდის შესახებ და ამავე დროს ჩვენი კვლევის მთავარი საკითხია საქართველოს ადგილის განსაზღვრა გეოსტრატეგიულ ლანდშაფტში, რამდენიმე ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ: პირველია სამხედრო მოკავშირეობის მხრივ არსებული ფორმალური ვითარება, მეორე გეოგრაფიული მდებარეობის საკითხი, ხოლო მესამე კი საქართველოს სამხედრო პოლიტიკური მდგომარეობა. მათი გათვალისწინებით მილიტარულ ტრენდზე მსჯელობისას მოცემულ სტატიაში ყურადღება გავამახვილეთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებისა და ჩრდილო-ატლანტიკურიორგანიზაციების მზარდი დაპირისპირების შესახებ, თუმცა ეს არ გვზღუდავს სამომავლოდ აღნიშნული პრობლემა უფრო ფართოდ გავაანალიზოთ.

XX საუკუნის მეორე ნახევარი, საომარი მოქმედებების თვალსაზრისით, ერთ-ერთი მშვიდი პერიოდი იყო კაცობრიობის ისტორიაში, მიუხედავად რეგიონული თუ ლოკალური სამხედრო კონფლიქტებისა, რადგან გლობალური "ხასიათის საომარი მოქმედებები ამ პერიოდში არ წარმოებულა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მილიტარული მისწრაფებები პლანეტარული თვალსაზრისით მეორე პლანზე იყო გადასული. პირიქით, ამ პერიოდში მიმდინარეობდა "ცივი ომისა" და გამალებული შეიარაღების" სახელებით ცნობილი პროცესები, რასაც წერტილი საბჭოთა კავშირის დანგრევამ დაუსვა და რომლის დროსაც ორ ჯგუფად გაყოფილი დედამიწის სახელმწიფოთა დიდი ნაწილი  ერთმანეთს სწორედ თანამედროვე შეიარაღების შექმნაში ეჯიბრებოდა. ეს პერიოდი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებისთვის ოქროს ხანადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ამ დროს დაპირისპირებული ბანაკების წევრი ქვეყნების და განსაკუთრებით კი აშშ-სა და სსრკ-ს ეკონომიკებში აშკარად დომინირებდა მილიტარული მიმართულება, რაც ცხადად ჩანდა მათი წილით მშპ-ს სტრუქტურაშიც.

ამჟამად, მსოფლიოში შექმნილი ვითარება ნათლად მიანიშნებს ორი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის დაპირისპირების განახლებაზე, თუმცა, ძალთა ბალანსი ამჟამად ცალსახად განსხვავებულია და დროთა განმავლობაში კვლავ განიცდის ცვლილებას. ყოველივე ეს კი, როგორც აღვნიშნეთ, დიდად მოქმედებს საქართველოს განვითარების პერსპექტივებზე, მის უსაფრთხოებაზე. სწორედ აღნიშნული პრობლემის ანალიზს ეძღვნება მიმდინარე ნაშრომიც, რომელიც იმ სტატიათა ციკლის გაგრძელებაა, რაც გლობალურ გეოსტრატეგიულ ლანდშაფტში ჩვენი ქვეყნის ადგილის განსაზღვრისკენაა მიმართული.

რეიგანის სამხედრო-ეკონომიკური პოლიტიკის როლი სსრკ-ს კრახში

საბჭოთა კავშირის სამხედრო ხარჯების შესახებ არც თავის დროზე იყო ნათელი სურათი და ამ საკითხის გარშემო პოლემიკა დღესაც გრძელდება. ჩვენ ქვემოთ რამდენიმე წყაროდან მოვიყვანთ მონაცემებს ამ საკითხის მეტ-ნაკლებად დასაკონკრეტებლად. რაც შეეხება აშშ-ს თავდაცვით ბიუჯეტს, ის ყოველთვის დაზუსტებული და მკაფიოდ გაწერილი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ-მ სამხედრო ხარჯების მკვეთრი შემცირება დაიწყო და მისი წილი მშპ-ში XX საუკუნის 40-50-იანი წლების მიჯნაზე 5%-ის[2] მახლობლად მერყეობდა, რის შემდეგაც ეს მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა და 1950-იანი წლების შუახანისთვის ორნიშნა ციფრი შეადგინა. 1960-იან წლებში ამ მაჩვენებელმა მაქსიმუმს 8.756%-ს 1967[3] წელს მიაღწია, რის შემდეგაც მან დაიწყო შემცირება, რაც 1980-იანი წლების დასაწყისამდე, ანუ რონალდ რეიგანის გაპრეზიდენტებამდე გრძელდებოდა.

რონალდ რეიგანი ერთ-ერთი უდიდესი ფიგურაა აშშ-სა და მსოფლიო ისტორიაში. სწორედ მან შექმნა სსრკ-ს დემონტაჟის წინაპირობა, რის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი სამხედრო ხარჯების ზრდა იყო. მისი პრეზიდენტობის დასაწყისისთვის აშშ მშპ-ს 4.6%-ს[3] ხარჯავდა თავდაცვაზე. რეიგანმა და მისმა გუნდმა სწორად გათვალეს, რომ თუ ისინი მოახდენდნენ ეკონომიკური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით სამხედრო მეგაპროექტის ინიცირებას, სსრკ-ს გაუჭირდებოდა ადეკვატური პასუხი და ან სამხედრო თვალსაზრისით დაირღვეოდა პარიტეტი აშშ-ს სასარგებლოდ, ან ეკონომიკური კრახის წინაშე აღმოჩნდებოდა ბოროტების იმპერია. `1981 წელს რეიგანმა წარადგინა აშშ-ს ისტორიაში არასაომარი დროის თანხობრივად ყველაზე დიდი ბიუჯეტი, რაც მთლიანი ფედერალური ბიუჯეტის თითქმის 30%-ს შეადგენდა. გარდა ამისა, მან წამოაყენა წინადადება "სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივის" შემუშავების შესახებ, რითაც კოსმოსში ბაზირებული თავდაცვითი ანტისარაკეტო ტექნოლოგიების მეშვეობით უნდა მომხდარიყო "ბირთვული ქოლგის" შექმნა, რითაც მოხდებოდა საბჭოთა კავშირისგან მომავალი ატომური საფრთხის აცილება. ძნელია გადაჭარბებულად აღწერო გორბაჩოვის შიში სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივის მიმართ, რადგან ის დარწმუნებული იყო, რომ ამ ნომინალურად თავდაცვით იარაღს აშშ შეტევისთვისაც გამოიყენებდა"[4].

არავინ დავობს, რომ ცივ ომში აშშ-სა და მისი მოკავშირეების გამარჯვების საფუძველი მათი ეკონომიკური ძლიერება იყო. ამასთან, სსრკ-ს კრახის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ისიც იყო, რომ მან ვერ გაუძლო სამხედრო ხარჯებს, რამაც სოციალისტური ეკონომიკის გამოფიტვა გამოიწვია. კერძოდ, თავდაპირველად რეიგანის ინიციატივის საპასუხოდ სსრ კავშირმა სცადა თავადაც გაეზარდა სამხედრო ხარჯები, რამაც ყველაზე მოკრძალებული შეფასებებითაც შთამბეჭდავ მასშტაბებს მიაღწია. მაგალითად, სსრკ-ს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ 1988 წლის მაისში განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო ხარჯები მთლიანი ეროვნული პროდუქტის 19%-ს უდრიდა, ხოლო 1990 წლის აპრილში გორბაჩოვმა ეს ციფრი 20%-მდე დაამრგვალა. 1991 წლის ბოლოს კი გენერალური შტაბის უფროსმა ლობოვმა თქვა, რომ საბჭოთა კავშირის სამხედრო ხარჯები მეპ-ის მესამედს ან მეტს შეადგენდა [5]. უფრო მოკრძალებულად აფასებდა ამ მონაცემს აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. მისი მონაცემებით, 1989 წლისთვის სსრკ-ს სამხედრო ხარჯები მეპ-ის 15-17%-ს შორის მერყეობდა. სხვა ამერიკული წყაროებიც ამ უკანასკნელი შეფასებისკენ იხრებიან და სსრკ-ი სამხედრო ხარჯებს 1960 წლიდან მოყოლებული მაქსიმუმ მშპ-ის 20%-მდე[2] აფასებენ. ჩვენი აზრით, ეს მონაცემი ჭეშმარიტებასთან ახლოსაა, ვინაიდან ის ემთხვევა სსრკ-ს  ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული განცხადებებსაც. ამ უკანასკნელებმა კი კარგად იცოდნენ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის სპეციფიკა. მაგალითად, გარდა პირდაპირი ხარჯებისა, საბჭოთა კავშირში არსებობდა სამხედრო სფეროს ფარული დაფინანსების პრაქტიკა, როდესაც ეს ხარჯები ბიუჯეტში "სახალხო მეურნეობის" დასახელებით აისახებოდა. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ისეთ მოვლენებსაც, როგორიცაა ორმაგი დანიშნულების საწარმოები, რომლებიც ქმნიდნენ როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პროდუქციას. ვისაც სიცოცხლის ცნობიერი ნაწილი საბჭოეთში აქვს გატარებული, ახსოვს, რაოდენ ძვირი ღირდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომლის ფასებიც ხშირად რამდენიმეჯერ აღემატებოდა თვითღირებულებას. ამ პროდუქციის ან მისი მაკომპლექტებლების დიდი ნაწილი სწორედ ორმაგი დანიშნულების ქარხნებში მზადდებოდა და ასეთ შემთხვევებში, ხშირად გამოიყენებოდა ე.წ. "ჯვარედინი ფასწარმოქმნის" მსგავსი მიდგომა და სამხედრო პროდუქციაზე გაწეული დანახარჯების გარკვეული ოდენობა სამოქალაქო საქონლის ფასებში აისახებოდა. ამ მსჯელობიდან იმ დასკვნის გამოტანა გვსურს, რომ სსრკ-ს სამხედრო ხარჯები ცივი ომის პიკში მშპ-ს 20%-ის მახლობლად იყო, ეს კი მშვიდობიანობის პერიოდისთვის მეტად მძიმე ტვირთია ნებისმიერი ეკონომომიკისთვის და სწორედ ეს გახდა სსრკ-ს კრახის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი.

აშშ-ს სამხედრო ხარჯები რეიგანის მმართველობის პირველივე წლებში ნახტომისებურად გაიზარდა და უკვე 1982 წლისთვის მან მშპ-ს 6.39%-ს[3] მიაღწია, რაც აბსოლუტური შეფასებით $213.6[3] მლრდ-ს შეადგენდა. ამის შემდეგ თანხობრივად ეს მაჩვენებელი საბჭოთა კავშირის ლიკვიდაციამდე იზრდებოდა და პირველად მხოლოდ 1991 წელს შემცირდა. ეს ფაქტები ნათლად მიუთითებს ძლიერი და სუსტი ეკონომიკების დაპირისპირების მნიშვნელოვან ასპექტზე, კერძოდ, სუსტ ეკონომიკას სამხედრო თვალსაზრისით მეტ-ნაკლები პარიტეტის შენარჩუნებისთვის გაცილებით დიდი ფარდობითი ტვირთის ზიდვა უხდება, რასაც, ცხადია, აქვს საზღვრები და რაც დროთა განმავლობაში აუცილებლად იწვევს მის გამოფიტვას.

XX საუკუნის ბოლოს ორი სამხედრო ბლოკის დაპირისპირების ანალიზი სამხედრო ხარჯების კონტექსტით

XX საუკუნის მეორე ნახევარში მილიტარული ტრენდის ფორმირება ძირითადად აშშ-ისა და სსრკ-ს დაპირისპირების ფონზე ხდებოდა. მაგრამ, ცხადია, ამ მიმართულებით დიდი როლი ენიჭებოდა იმ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებსაც, რომლებიც ამ ორი ზესახელმწიფოს გარშემო ჩამოყალიბდა. ვარშავის ხელშეკრულებისა და ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და თავიდანვე მათი დანიშნულება ერთმანეთისგან მომავალი საფრთხის არიდება იყო. ამ ფაქტს არამარტო სამხედრო, არამედ იდეოლოგიური საფუძველიც ჰქონდა და პაექრობა სოციალისტურ და კაპიტალისტურ ეკონომიკურ სისტემებს შორისაც მიმდინარეობდა. ქვემოთ, ცხრილის სახით წარმოდგენილია ამ ორი ბლოკის წევრ სახელმწიფოთა სამხედრო ხარჯები 1988-1990 წლებში, ანუ ცივი ომის გადამწყვეტ პერიოდში, როდესაც, ერთი მხრივ, მაქსიმუმს მიაღწია დაძაბულობამ, თუმცა, მეორე მხრივ სსრკ-ში მიმდინარე პერესტროიკის ფონზე, სწრფადვე განიმუხტა ვითარება. ამ მიმართებით 1990 წელი კულმინაციურად ორი მომენტის გამო შეიძლება მივიჩნიოთ, ჯერ ერთი,  გერმანია გაერთიანდა და მეორე, სსრკ-მ მხარი არ დაუჭირა თავის ძველ პარტნიორს ერაყს და, ფაქტობრივად, ყოფილი მოწინააღმდეგეების ბანაკში აღმოჩნდა, რამაც შესაძლებელი გახადა ერაყის წინააღმდეგ კოალიციური ძალების გაეროს ეგიდით მოქმედება.

ვარშავის ხელშეკრულებისა და ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციების სამხედრო ხარჯები (მლნ დოლ.) 1988-1990 წლებში. მონაცემები წარმოდგენილია 2016 წლის $-ში (ცხრილი შედგენილია [6] მასალების საფუძველზე)

ცხრილი 1

1 ვინაიდან ბულგარეთის 1988 წლის მონაცემი არ ფიქსირდება ჩვენთვის ხელ- მისაწვდომ წყაროებში, ჯამურ მონაცემში გავითვალისწინეთ 1989 წლის მაჩვენებელი;

2 ისლანდია, მართალია წევრია ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციისა, მაგრამ მას არ გააჩნია სამხედრო ძალები და შესაბამისად არც სამხედრო ხარჯებს გასწევს.

1988 წელს, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციამ, არსებობის მანძილზე მაქსიმალურად $292.2 მლრდ-ით დააფინანსა სამხედრო სფერო, საიდანაც 86.7%, ანუ $253.3 მლრდ სსრკ-ზე მოდიოდა. ეს ფაქტი ცხადად მიუთითებს საბჭოთა კავშირის როლზე მოცემულ ალიანსში, სადაც 1987 წელს დეკლარირებულმა ძირეული ცვლილებების პოლიტიკამ, რომელსაც წინ უძღოდა 1986 წლის ბოლოს რეიგანისა და გორბაჩოვის შეხვედრა რეიკიავიკში, განაპირობა საერთაშორისო პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობა, რამაც სამხედრო ბიუჯეტებზე რეალური ასახვა 1989 წლიდან ჰპოვა. ამ წელს, 1988 წელთან შედარებით, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამხედრო ხარჯები დაახლოებით 7%-ით, ხოლო 1990 წლისთვის - 21.6%-ით შემცირდა.

ცხრილი 1 ცხადად ასახავს დასავლური ბლოკის გადამწყვეტ უპირატესობას სამხედრო ხარჯების მხრივ. ამ მაჩვენებლით 1988 წელს ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაცია ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციას 3-ჯერ სჭარბობდა, რაც მომდევნო წლებში (ამ უკანასკნელის ლიკვიდაციამდე) კიდევ უფრო გაიზარდა. საინტერესოა ერთი ფაქტიც: აშშ-ს როლი ჩრდილო-ანტლანტიკური ორგანიზაციის სახმედრო დაფინანსების მხრივ უფრო მოკრძალებული იყო, ვიდრე სსრკ-სა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაში და მასზე 1988 წელს მოდიოდა ალიანსის თავდაცვის ხარჯების 67.4%.

დასავლეთისა და რუსეთის თანამედროვე დაპირისპირების

სამხედრო-ეკონომიკური საფუძვლები

ცხადია, ეკონომიკური სიძლიერე ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი სამხედრო დაპირისპირებისას, მაგრამ დროთა განმავლობაში ის სულ უფრო მეტ როლს ასრულებს მილიტარული ტრენდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ეს ძირითადად უახლესი სამხედრო ტექნოლოგიების შედეგად ხდება, რაც თანდათანობით ამცირებს სუბიექტური ფაქტორის მნიშვნელობას თანამედროვე ბრძოლის ველზე, ხოლო განვითარებული ტექნოლოგიები პირდაპირი შედეგია ძლიერი ეკონომიკისა. სწორედ ამიტომაცაა, რომ ჩვენ მიერ განხილულ ხუთ მეგატრენდში ერთ- ერთი ტექნოლოგიურია, რის შესახებაც მიმდინარე ციკლის დასკვნით სტატიაში ვიმსჯელებთ და სადაც სამხედრო ასპექტებსაც შევეხებით.

პუტინის ხელისუფლება უკვე აშკარად ცდილობს იმპერიის აღდგენას და სსრკ- ს გავლენისა და პრესტიჟის დაბრუნებას. 2000-იან წლებში ნახშირწყალბადის ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ, რუსეთს საკმაოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა გაუჩინა, რაც ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგად ბოლომდე ვერ იქნა გამოყენებული, თუმცა, ქვეყნის ეკონომიკამ ზრდის გარკვეული ტემპები განავითარა. საკმაოდ გაიზარდა მისი მშპ-ც, რაც პირველ რიგში, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დაფინანსებაზე აისახა. ამ მოვლენებმა წარმოშვა კითხვები: რამდენად შეძლებს რუსეთი დასახული იმპერიული მიზნების რეალიზებას? გახდება თუ არა ის დასავლეთის სამხედრო ალიანსის საპირწონე ძალა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო? რამდენად შესწევს დღეს რუსეთს და მის გარშემო შეკოწიწებულ სამხედრო ალიანსს გაუწიოს კონკურენცია ძირითად მეტოქეს (როგორც ეს რუსეთში მიაჩნიათ)? ჩვენ ქვემოთ შევეცდებით ამ კითხვებზე პასუხის გაცემას.

ცხრილ 2-ში წარმოდგენილი მაჩვენებლების ანალიზის დაწყებამდე ერთ ნიშანდობლივ ფაქტზე უნდა შევჩერდეთ: 1988 წლისთვის ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაში, საბჭოთა კავშირის გარდა, გაერთიანებული იყო აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანა, ხოლო ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში კი 16, სადღეისოდ სსრკ-ს ყველა მოკავშირე ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის წევრია (ერთი როგორც ქვეყნის ნაწილი). უფრო მეტიც, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში საბჭოთა კავშირიც კი არაა სრულად წარმოდგენილი, გარდა იმისა, რომ ბალტიისპირეთის 3 სახელმწიფო ასევე დასავლური ალიანსის წევრია, აქეთკენ მიისწრაფის ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებიდან მინიმუმ 2 (სა- ქართველო და უკრაინა), ხოლო შუა აზიის 2 სახელმწიფო ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ადგას. სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთისგან დისტანცირებულია მოლდოვაცა და აზერბაიჯანიც.

სამხედრო ხარჯების მიხედვით სსრკ-სა და რუსეთის შედარება მკაფიო დასკვნის შესაძლებლობას გვაძლევს. 2016 წლის რუსეთის 

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებისა და ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციების სამხედრო ხარჯები (მლნ დოლ.) 2014-2016 წლებში1 (ცხრილი შედგენილია [6,7] მასალების საფუძველზე)

ცხრილი 2

1 მონაცემები წარმოდგენილია 2016 წლის $-ში, ბოლო სვეტში კი გათვალისწინებულია $-ის პარიტეტული მყიდველობითუნარიანობა (პმუ).

 სამხედრო ხარჯები 3.5-ჯერ ნაკლები იყო სსრკ-ს 1988 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. იმავე წლებში თითქმის 4-ჯერადი იყო სხვაობა ვარშავის ხელშეკრულებისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციებს შორის, პირველი მათგანის სასარგებლოდ. ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის სამხედრო ხარჯები კი პირიქით, 2016 წლისთვის დაახლოებით 9%-ით მეტი იყო 1988 წლის მაჩვენებელთან შედარებით. განსახილველ წლებში გაზრდილია აშშ-ს სამხედრო ხარჯებიც.

ცხრილი 2-ის ბოლო სვეტში მოცემულია 2016 წლის სამხედრო ხარჯები $-ის პარიტეტული მყიდველობითუნარიანობის გათვალისწინებით. ამ მაჩვენებლის მიხედვით, აშშ-ის მონაცემი თითქმის 3-ჯერ სჭარბობს რუსეთისას, ხოლო ჩრდილო- ატლანტიკური ორგანიზაციისა კი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისას -4.4-ჯერ.როგორც ვხედავთ დასავლური ბლოკის უპირატესობა რუსეთის გარშემო შექმნილი ალიანსის მიმართ გაიზარდა, ისევე როგორც აშშ-სა თავად რუსეთის მიმართ.

ცხრილი 3-ში წარმოდგენილი მონაცემები განსაკუთრებით აქტუალური გახდა ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ. მან კატეგორიულად მოითხოვა ევროპელი პარტნიორებისა და კანადისგან სამხედრო ხარჯების გაზრდა მშპ-ს 2%-მდე. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს უკვე მიღებული ჰქონდა, ტრამპის პოზიციამ, ფაქტობრივად, საბოლოოდ გადაწყვიტა ეს საკითხი. აღნიშნულის შესახებ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 25 მაისს ბრიუსელში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურების შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ ინტერვიუში განაცხადა: "ჩვენ ავიღეთ ვალდებულება შევწყვიტოთ თავდაცვის ხარჯების შემცირება, შემდეგ კი დავიწყოთ მისი ზრდა მშპ-ს 2%-მდე. მე ვიცი, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ საკითხის ევროპელი პარტნიორებისთვის გაცნობის დროს იყო და რჩება უკიდურესად მკაფიო, ხისტი და ადვილად გასაგები. ეს ეხება კანადასაც" [8]. ფაქტობრივად, უმაღლესი დონის ამ შეხვედრამ განსაზღვრა მომავალი ათწლეულის ძირითადი მილიტარული ტრენდი, რაც თავდაცვის ხარჯების ზრდას გულისხმობს.

ცხრილი 3-ის მონაცემების ანალიზი ცხადად ადასტურებს, რომ პრეზიდენტ ტრამპის აღშფოთებას პარტნიორების სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებით, ნამდვილად აქვს საფუძველი. აშშ-ს გარდა, განსახილველ პერიოდში, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოებისგან მხოლოდ ოთხი: საფრანგეთი, საბერძნეთი, ესტონეთი და პოლონეთი ხარჯავდა თავდაცვაზე მშპ-ს თითქმის 2-%-ს ან მეტს. ამ ნიშნულთან მიახლოებული მაჩვენებლები ჰქონდათ გაერთიანებულ სამეფოს, თურქეთსა და პორტუგალიას. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ცხრილში წარმოდგენილი ბევრი ქვეყანა მშპ-ს დაახლოებით 1%-ს, ან ნაკლებსაც კი ხარჯავს თავდაცვაზე და ეს იმ დროს, როდესაც 2016 წელს აშშ-ს სამხედრო ხარჯები მშპ-ს 3.29%-ს შეადგენდა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაზრდა იგეგმება.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის სამხედრო ხარჯები %-ად მშპ-ში. (ცხრილი შედგენილია [3;7] მასალების საფუძველზე)

ცხრილი 3

მილიტარული მეგატრენდის განვითარების პერსპექტივები

დაპირისპირებული ბლოკების ეკონომიკური პოტენციალის ფონზე

და მისი გავლენა საქართველოზე

ეკონომიკური ბაზისი, რომ თანამედროვე სამხედრო დაპირისპირებაში წარმატების მიღწევის საფუძველია, ეს საყოველთაო ჭეშმარიტებაა, რასაც ჩვენც შევეხეთ. ამიტომ, სტატიის დასკვნითი ნაწილი ჩვენ მიერ განხილული სამხედრო ალიანსების სამომავლო ეკონომიკური პოტენციალის დადგენასა და მასზე დაყრდნობით სამხედრო ხარჯების მობილიზების შესაძლებლობას მიეძღვნება. კვლევა ჩავატარეთ 14 წლიანი პერიოდისთვის - 2030 წლის ჩათვლით და მიღებულ შედეგებს ისტორიული კონტექსტით განვიხილავთ. (იხ. ცხრილი 4)

ცხრილ 4-ში მოცემულია განსახილველი სამხედრო ბლოკების წევრ სახელმწიფოთა მშპ 2016 წლისთვის და იგივე ინდიკატორის საპროგნოზო მაჩვენებლები 2020, 2025 და 2030 წლების ბოლოსთვის. მშპ-ს ზრდის საპროგნოზო ტემპი გამოანგარიშებულია როგორც 2013, 2014, 2015, 2016 წლების მშპ-ს ზრდის ტემპების საშუალოარითმეტიკული. რამდენიმე ქვეყნის შემთხვევაში, არ გავითავლისწინეთ 2013 წლის მაჩვენებელი, რადგან ის ერთგვარად ამოვარდნილი იყო ტენდენციიდან. ეს ქვეყნებია ყაზახეთი, ყირგიზეთი, ესპანეთი, თურქეთი და საბერძნეთი. ტრენდის გარკვეულ კორექტირებას ვახდენდით დამრგვალების დროსაც. მაჩვენებლები წარმოდგენილია $-ის პმუ-ს გათვალისწინებით.

რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი, რასაც აქვს პოტენციალი პერმანენტულ რეცესიაში თუ არა, ეკონომიკურ სტაგნაციაში გადაიზარდოს, გავლენას ახდენს ყოველ მის ეკონომიკურ პარტნიორზე, რომლებიც ამავე დროს სამხედრო მოკავშირეებიც არიან. ამასთან, რუსეთში ეკონომიკური კრიზისის გამომწვევი ძირითადი ფაქტორები (ან მინიმუმ ორი მათგანი): დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები, ნავთობზე დაბალი ფასები [იხ. 9], მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა [იხ. 10] და ქვეყანაში დამყარებული მაფიოზურ-ოლიგარქიული მმართველობითი რეჟიმი, დიდი ალბათობით, საპროგნოზო პერიოდის ბოლომდე შენარჩუნდება, ამიტომ, ვფიქრობთ, მშპ-ს ზრდის წარმოდგენილი ტემპები რუსეთისა და მისი მოკავშირეების შემთხვევაში უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე პესიმისტური, რაც განამტკიცებს ჩვენი კვლევის შედეგებს. ცხრილში წარმოდგენილი გაანგარიშებები ცხადყოფს, რომ რუსეთის მშპ შემცირდება განსახილველ პერიოდში, რაც ანალოგიურ ტენდენციას წარმოშობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯამური შეფასებისთვისაც.

ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ეკონომიკური განვითარების იმ ფაზაში იმყოფება, რომ მათთვის ექსტრაპოლირების მეთოდი ზუსტი დასკვნის შესაძლებლობას იძლევა. ამიტომ, მიღებული შედეგების დამატებით დასაბუთებას არ შევუდგებით. მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ამ სამხედრო ბლოკის ჯამური ეკონომიკური პოტენციალი, 2016 წელთან შედარებით, 2020 წლისთვის გაიზრდება 8.1%-ით, 2025 წლისთვის - 19.3%-ით, ხოლო 2030 წლისთვის - 32 %-ით.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებისა და ჩრდილო-ატლანტიკურიორგანიზაციების ეკონომიკური ზრდის პოტენციალი (ცხრილი შედგენილია [3,7] მასალების საფუძველზე).

ცხრილი 4

საინტერესოა, როგორ აისახება ორი სამხედრო ბლოკის ეკონომიკურ პოტენციალებს შორის მზარდი დისბალანსი მათ სამხედრო-ეკონომიკურ პოტენციალზე. აღნიშნული საკითხის ირგვლივ გაანგარიშებები მოყვანილია მე-5 ცხრილში.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებისა და ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციების სამხედრო ხარჯების საპროგნოზო მაჩვენებლები (ცხრილი შედგენილია [3] მასალების, სტატიაში მოტანილი მსჯელობისა და ცხრ. 4-ის მონაცემების საფუძველზე

ცხრილი 5

უპირველესი, რაც ცხრილი 5-ის განხილვის დროს უნდა აღინიშნოს, არის ის, თუ როგორ იქნა მიღებული ამა თუ იმ ქვეყნის მშპ-დან  საპროგნოზო სამხედრო ხარჯების პროცენტული წილი. ამისთვის რამდენიმე მიდგომა გამოვიყენეთ, რაც არსებული ტენდენციებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის დავეყრდენით იმ ვითარებას, რომელიც ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შეიქმნა, როდესაც მან ალიანსში იმ პარტნიორებს, რომლებიც თავდაცვაზე 2%-ზე ნაკლებს ხარჯავენ, კატეგორიულად მოსთხოვა ხარჯების მოცემულ ნიშნულამდე გაზრდა. ამ საკითხს ჩვენ ზემოთ შევეხეთ და ისიც აღვნიშნეთ, რომ დაფინანსების ზრდის შესახებ ალიანსში დადებითი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამიტომ, ყველა ასეთი ქვეყნისთვის, ჩვენ საპროგნოზო პერიოდში თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2%-ის დონეზე მივიჩნიეთ. ჩრდი- ლო-ატლანტიკური ალიანსის იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც უკვე ხარჯავენ 2%-ზე მეტს (გარდა აშშ-ისა) და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ყველა ქვეყნისთვის, (გარდა რუსეთისა), საპროგნოზო ნიშნულად მიჩნეულ იქნა მშპ-დან ბოლო სამი წლის სამხედრო ხარჯების პროცენტული წილის საშუალოარითმეტიკული. გამონაკლისია ტაჯიკეთი, სადაც 2016 წლის სამხედრო ხარჯების მონაცემის არ ქონის გამო, საპროგნოზო ნიშნულად აღებულ იქნა 2014- 2015 წლების მაჩვენებლების საშუალოარითმეტიკული. აშშ-ში 2018 ფისკალურ წელს ტრამპის მიერ იგეგმება თავდაცვის ხარჯების დაახლოებით 9%-იანი[11]ზრდა, რასაც, დიდი ალბათობით, მხარს კონგრესიც დაუჭერს. შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ზრდის ამ ტემპის ასახვა ჩვენ მიერ დასადგენ საპროგნოზო მაჩვენებლისთვის არ იქნება საფუძველს მოკლებული, განსაკუთრებით თუ იმ ფაქსტაც გავითვალისწინებთ, რომ ასეთ შემთხვევაში აშშ-ს თავდაცვის ხარჯები მშპ-ს დაახლოებით 4.5% გახდება, ეს კი გაცილებით ნაკლებია იმ მაქსიმუმზე, რაც ამ ქვეყანას ჰქონია მშვიდობიანობის დროს. რაც შეეხება რუსეთს, გავითვალისწინეთ ამ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მზარდი საომარი მისწრაფებები, აგრეთვე სამხედრო ხარჯების ზრდის აშკარად გამოკვეთილი ტენდენცია და გამოვიყენეთ ექსტრაპოლირების მეთოდი. ვინაიდან 2014-2016 წწ პერიოდში რუსეთის სამხედრო ხარჯები წელიწადში საშუალოდ  მშპ- ს 0.65%-ით იზრდებოდა, ამ ტემპის შენარჩუნებით 2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი 8%-ს მიაღწევს.

რუსეთის მიერ სამხედრო ხარჯების ზრდის ტენდენციის შენარჩუნება შეზღუდულია ეკონომიკის მძიმე მდგომარეობით, თუმცა, გარკვეული რესურსი ამ მხრივ არსებობს. თვალს თუ გადავავლებთ სამხედრო ხარჯების მობილიზების პრაქტიკას, ვნახავთ, რომ დემოკრატიის პირობებში, ასეთი მაღალი მაჩვენებელი 1967 წელს ჰქონდა აშშ-ს 8.7%-ის ოდენობით. ავტოკრატიის პირობებში სსრკ-ს სამხედრო ხარჯები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაახლოებით 20%-ის დონეზე იყო. საერთოდ მიგვაჩნია, რომ ავტოკრატიულ რეჟიმებს მეტი სამობილიზაციო რესურსი აქვთ. ამაზე მეტყველებს სსრკ-ს მაგალითიც. მაგრამ რუსეთში არც დემოკრატიაა და არც ისეთი ავტოკრატიული რეჟიმია, როგორიც სსრკ-ში იყო. სადაც ათწლეულების განმავლობაში მილიონობით ადამიანის სიცოცხლის ფასად ჩამოყალიბდა ხისტი მმართველობითი ვერტიკალი და სამხედრო ინტერესებთან მორგებული სამობილიზაციო ეკონომიკა. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, რუსეთში არსებული აღვირახსნილი კორუფცია და ეკონომიკური კრიზისის ნიშნები,რაც მეტად ამცირებს გაწეული სამხედრო ხარჯების ეფექტიანობას. ამიტომ, ვფიქრობთ, რუსეთს გაუჭირდება სამხედრო ხარჯების პერმანენტული ზრდა და ჩვენ მიერ დაშვებული 8%-იანი ზღვარი მეტად ოპტიმისტურია მისთვის. სამაგიეროდ სამხედრო ხარჯების ზრდის დიდი პოტენციალი აქვს აშშ-ს და ჩვენს მიერ მოტანილი საპროგნოზო მაჩვენებელი 4.5%-ის დონეზე მხოლოდ მინიმალურ მაჩვენებლად შეიძლება განვიხილოთ.

ცხრილი 5-ის ანალიზი საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ დისპარიტეტი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებისა და ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციების სამხედრო ხარჯებს შორის გაიზრდება. კერძოდ, თუ 2020 წლისთვის ეს მონაცემი იქნება 4.6-ჯერად  ნიშნულზე, 2025 წლისთვის ის მიაღწევს 5.2-ჯერადს, ხოლო 2030 წლის ბოლოსთვის კი 5.8-ჯერადს და ეს იმ დროს, როდესაც დისპარიტეტის მაჩვენებელი 1988 წლისთვის, რასაც ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის კრახი მოჰყვა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ 3-ჯერადი იყო. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ სცენარის მიხედვით, დასავლურ ალიანსს სამხედრო ხარჯების კიდევ უფრო ზრდის გაცილებით მეტი შესაძლებლობა რჩება, ვიდრე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას.

ზემოთმოყვანილი ანალიზი ცალსახად ადასტურებს ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის გადამწყვეტ, დამთრგუნველ უპირატესობას რუსეთისა და მის გარშემო არსებული ალიანსის მიმართ, ეს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი არგუმენტია საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანის სასარგებლოდ, რაც დასავლურ ორიენტაციასა და ევროპულ თუ ჩრდილო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს.

ლიტერატურა:

1.ბ.რამიშვილი, საქართველოს პოზიცია გლობალურ გეოსტრატეგიულ  ლანდშაფტში, ჟურნ. "ეკონომიკა და ბიზნესი", 2015, #1.

2.https://nintil.com/2016/05/31/the-soviet-union-military-spending/

3.http://data.worldbank.org/

4.https://www.reddit.com/r/AskHistorians/comments/4cn9e8/how–actually–responsible–was–ronald–reagan–for/

5.http://www.contrtv.ru/common/1089/

6.https://www.sipri.org/

7.https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/

8.http://www.nato.int/

9.ბ. რამიშვილი, ენერგეტიკული ტრენდის განვითარების მიმართულებები და მისი გავლენა საქართველოს სტრატეგიულ მდგომარეობაზე, ჟურნ. "ეკონომიკა და ბიზნესი", 2015, №2.

10.ბ. რამიშვილი, დემოგრაფიული ტრენდი - თანამედროვე გლობალური გეოსტრატეგიული ლანდშაფტშის უმნიშვნელოვანესი მდგენელი და მისი გავლენა საქართველოზე, ჟურნ. "ეკონომიკა და ბიზნესი", 2016, #1.

11.http://comptroller.defense.gov/Portals/45/Documents/defbudget/fy2018/fy2018–Budget–Request–Overview–Book.pdf